კიტრის დიეტა
ცოტამ თუ იცის, რომ კიტრი ერთ-ერთი უძველესი საკვებია. მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე მიირთმევდნენ. კიტრის 95-96% წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ - მოიტოვეთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ.
დაინახავთ, თვალსა და ხელს შუა როგორ გამოგიცოცხლდებათ სახე. შეშუპებული თვალების დასაცხრობად კიტრის მრგვალი ნაჭრები ქუთუთოებზე დაიდეთ და 10 წუთით მსუბუქად მიიჭირეთ.
კიტრი ხელს უწყობს გახდომას. თვითონ ის ძალიან დაბალკალორიულია, მაგრამ თუ მცენარეული ზეთით ან არაჟნით შევაზავებთ, შეუძლია, მთელი სამი საათით დაგვანაყროს. კიტრის დიეტის დაცვა სამ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული, რადგან იგი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას.
კიტრის სალათი
1 კგ კიტრი დაჭერით, შეაზავეთ ნაკლებცხიმიანი არაჟნით ან მცენარეული ზეთით, მარილით, ოხრახუშით, კამითა და მწვანე ხახვით. მწვანილი ვიტამინების საბადოა. გარდა ამისა, ოხრახუში არაჩვეულებრივი სადეზინფექციო საშუალებაა კუჭისთვის. მწვანე ხახვი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და წმენდს სისხლს. კამა განსაკუთრებით სასარგებლოა მეძუძური დედებისთვის, რადგან აძლიერებს რძის წარმოქმნას. ასეთი სალათი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში სამჯერ: 12, 16 და 19 საათზე. შუალედებში კი შეგიძლიათ დაამატოთ:
- ტოსტის პატარა ნაჭერი ცოტაოდენი კარაქით, ფინჯანი ყავა ან უშაქრო ჩაი;
- 50 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი ან ერთი კვერცხი;
- 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, ბანანი ან მსხალი.