მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » მაყვალი - Rubus caesius - Ежевика сизая
0:35 AM
მაყვალი - Rubus caesius - Ежевика сизая


მაყვალი ბუჩქოვანი (ან ნახევარბუჩქოვანი) მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, რკალისებურად მოხრილი ეკლიანი ყლორტებით, რომელთა სიგრძე 1,5 მ-მდეა. ყლორტები ორი სახისაა – ერთწლიანი – ვეგეტატიური და ორწლიანი–გახევებული, რომლებსაც ფოთლების გარდა აქვს ყვავილები და ნაყოფსაც იძლევა, ფოთლები მორიგეობითია, სამჯერადნაკვთული თანაფოთლებით. ყვავილები დიდი აქვს, დაახლოებით 3 სმ-მდე დიამეტრით, ფარისებურად შეკრებილი ყვავილედი, ორწლიანი ტოტების ფოთლის უბეებშია მოთავსებული. ყვავილებს ჯამის 5 მწვანე ფოთოლი, გვირგვინის 5 თეთრი ფურცელი, მრავალრიცხოვანი მტვრიანა და ზედანასკვიანი ბუტკოები აქვს. ნაყოფი შედგენილია მრავალკურკიანი ცალკეული მარცვლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან და ყვავილსაჯდომზე ძირებითაა მიხორცებული, შავი ფერისაა, ნაცარა ნაფიფქით.
მაყვალი ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში.
საქართველოში გავრცელებულია ტყის პირებზე, მდელოებზე, ბუჩქნარებში, გზის, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. არსებობს მაყვლის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი საკვებად ვარგისია. ყირიმში საბოსტნე ნაკვეთებში ამრავლებენ კულტურული მაყვლის ჩრდილოამერიკული სახეობის ჰიბრიდს.
სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს; ფესვების შემადგენლობა საკმარისად არაა შესწავლილი.
ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში, შემდეგ აშრობენ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. შრობის ბოლო ტემპერატურა 60 გრადუსია. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, ვაჟინს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს.
მაყვლის ფოთლებს აგროვებენ ზაფხულობით მათი სრული განვითარების პერიოდში. აშრობენ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში.
ფესვებს თხრიან გვიან შემოდგომით, ასუფთავებენ, ჭრიან და კარგად აშრობენ.
მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. იმისათვის რომ მიიღოთ ჩაის სუროგატი, ახალი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგ გააშრეთ ჰაერზე, თხელ ფენად გაშლილი.

მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება როგორც საღაფარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – როგორც შემკვრელი.
ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.
ადრე, გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლსადენი და შარდსადენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედება გააჩნია ფოთლების ნახარშსაც, რომელსაც იყენებენ გაცივების დროს.
ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) მდუღარე წყალი, გაჩერეთ 4 საათი, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.
ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს გამოსავლებად. ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აგრეთვე ფოთლებისაგან მომზადებული ფხვნილები.
ბულგარელი მედიკოსების ცნობით ფოთლების ნაყენს უფრო უკეთესი თვისება აქვს ვიდრე ნახარშს. მათივე მონაცემებით მაყვლის გამომშრალი ფესვების ნახარში შესანიშნავი შემკვრელი საშუალებაა. ფესვების ნახარშის მოსამზადებლად 20 გრ გამომშრალი ფესვები 500 მლ წყალში ადუღეთ 2-3 წუთი. 
ხალხურ მედიცინაში ასევე იყენებენ სამკურნალო მაყვლის ნაყოფისაგან დაყენებულ დამტკბარ გამთბარ ღვინოს გაცივების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ანგინის დროს.
ბულგარელები გვთავაზობენ შემდეგ რეცეპტებს: ორი სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ ნაყენი და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. ფესვებსაც ასეთივე სახით გამოიყენებენ, თუმც კი უმჯობესია შემდეგი წესით მომზადებული ნახარში: 2 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 12 სთ (მთელი ღამე), შემდეგ ხარშეთ 3 წუთი, გააცივეთ 5 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში 150 მლ უზმოზე.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2829 | დაამატა: aks75 | ტეგები: ხალხური მედიცინა, რეცეპტები, ევკალიპტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]