მოცვი – დატოტვილი ბუჩქია მოცვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ-მდე. მიწისქვეშა ყლორტები ნიადაგში იზრდება სხვადასხვა მიმართულუბით სიგრძის 1-2 მ-დე, რომლებიდანაც ვითარდება სხვადასხვა ასაკის ბუჩქები. მოცვის ყლორტები მწვანეა, სწორმდგომი, ცილინდური ან წიბოებიანი. ფოთლები თხელი აქვს, ღია მწვანე, მოგრძო, სიგრძით 1-1,5 სმ, სიგანით – 0,5-1,5 სმ, პრიალა, წვრილხერხისებრი კიდეებით. ზამთრობით ფოთოლი ცვივა. ყვავილები ღია-ვარდისფერია, მომწვანო-ნარინჯისფერ ან ნაზი იასამნისფერი ელფერით, სიგრძით 0,4-0,6 მმ, დახრილი, თითო-თითო ან ორ-ორი ყვავილის მოკლე ყუნწით. გვირგვინი ქვევრისებრი ან ნახევრადსფერულია. ნაყოფი სფეროსებრი შავი კენკრაა, 6-10 მმ დიამეტრით, სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი, დაფარულია ცვლისებრი ნაფიფქით, 1 მმ-მდე სიდიდის კვერცხისებრი თესლები აქვს. ყვავილობს მოცვი მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია საქართველოს მაღალმთიანეთში, ზოგჯერ ალპურ ზონამდეც. ამზადებენ მოცვის როგორც მწიფე ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც. მოცვის კენკრას გასაშრობად ყრიან ცხრილებზე 2-3 სმ სისქეზე, ან აშრობენ საშრობებში 35-40 გრადუსზე 2-3 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი ტემპერატურას უმატებენ 50-60 გრადუსამდე. გაშრობის წინ კენკრას არ რეცხავენ. მშრალ კენკრას ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის ტომრებში, მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 წლისა. მოცვის კენკრა ადვილად ავადდება კენკრას ჩრჩილით. მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს. ფოთლები შეიცავენ 7-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა. ხალხურ მედიცინაში მოცვის ნაყოფის ნახარში და ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების – გასტრიტების, ენტეროკოლიტების, დროს. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში, როგორც შესაკვრელი საშუალება. მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების, პირის ღრუს ანთების, ხოლო მისი საფენები დამწვრობის, კანზე გამონაყარის დროს. მოცვს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ გამოიყენება სტომატიტების დროს. ნედლ ნაყოფს იღებენ ქრონიკული შეკრულობის, კუჭის მჟავიანობის დაქვეითების, დიზენტერიის დროს. მოცვის ნაყოფი აუმჯობესებს სიბნელეში მხედველობას. ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ. უმჯობესია მისი ნარევის გამოყენება თუთის ფოთლებთან ერთად. ზოგიერთი ავტორის ცნობით მოცვის ფოთლების ნახარში კარგი საშუალებაა სისხლის წნევის დასაწევად. ნედლი ნაყოფი გამოიყენება დიაბეტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარისა და სხვა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული. მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4-5 სთ, დალიეთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. კუჭის აშლილობის დროს 2 ჩას კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. კუჭის აშლილობის დროს რამდენიმე ცალ ნედლ მოცვს კარგად ღეჭავენ და გარკვეული დროის შემდეგ პატარა ინტერვალებით ყლაპავენ. კუჭის ტკივილის დროს მოცვის სპირტიანი ნაყენის 10-12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრ ნაყოფს ხარშავენ 200 მლ წყალში 20 წუთი, სვამენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მოცვის კისელები და ჯემები. მოცვის კისელის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნაყოფი მოხარშეთ 1,5 ჭიქა წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი და შაქრის ფხვნილი გემოვნებით. დალიეთ კუჭის აშლილობის დროს 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. დიაბეტის დროს ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრს კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვამენ ამ რაოდენობას ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში. დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე ერთნაირი რაოდენობით აღებული მოცვის ფოთლებისა და ლობიოს პარკისაგან (ხმელი პარკები) დამზადებული ნახარში.