ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლოდ კვიპროსს მიიჩნევენ, ამიტომ მას თავდაპირველად კვიპროსულ კომბოსტოს უწოდებდნენ. ზოგიერთი მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევს, ზოგის აზრით კი მის კულტივირებას კაცობრიობა არაბებს უნდა უმადლოდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ბოსტნეულს 2500 წელიწადზე მეტია იცნობენ.
ის ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ირანში მოჰყავდათ. ესპანეთში - მე-12, იტალიაში კი მე-14 საუკუნეში შეიტანეს, ხოლო მე-16 საუკუნეში მთელ ევროპაში გავრცელდა. ოდესღაც მარკ ტვენმა ხუმრობით ასეთი რამ თქვა: "ყვავილოვანი კომბოსტო სხვა არა არის რა, თუ არა კომბოსტო უმაღლესი განათლებით". მიუხედავად იმისა, რომ თეთრთავა კომბოსტო ბევრად უფრო პოპულარულია, საკვებ ნივთიერებათა შემცველობითა და შეთვისებადობით ყვავილოვანს მაინც ვერ შეედრება.
ყვავილოვანში უფრო ნაკლები უჯრედისია, თუმცა ეს ოდენობაც კი შესანიშნავად აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან "ცუდი" ქოლესტერინის გამოდევნას. ყვავილოვანი კომბოსტო თანამედროვე საკვები რაციონის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.
ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ ჩ ვიტამინის სადღეღამისო დოზით. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა. ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც.
რეცეპტები
მჟავე ყვავილოვანი კომბოსტო, განსაკუთრებით - წვენი, რეკომენდებულია უზმოზე შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას.
თუ რეგულარულად დალევთ ყვავ¬ილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ უმარილო წვენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე შეუწყობთ ხელს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას. 1/2 ჭიქა ახალგამოწურული თბილი წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი ერთ თვეს მოიცავს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება.
ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე ჭარბი წონის დასაკლებად. სასურველია, წვენის საჭირო ულუფა ყოველდღიურად გამოწუროთ. წვენი შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს ორი დღისა. შემდეგ ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
ბუასილის დროს დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, მიიღეთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის ნახევარი ჭიქა თბილი წვენი.
ყვავილოვან კომბოსტოს საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მკურნალობისას. გატარებულ კომბოსტოს ფაფას უნდა შეურიოთ ერთი კვერცხის ცილა, წაუსვათ რამდენიმე ფენად გაკეცილ დოლბანდს ან ბინტს, დაიდოთ დამწვარ ან ნაჭრილობევ უბანზე და შეიხვიოთ.
თუ ღრძილების ანთება გაწუხებთ, ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი უნდა გააზავოთ ანადუღარ თბილ წყალში პროპორციით 1:1 და სისტემატურად გამოივლოთ პირის ღრუში.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება (ერთ ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენზე - 1-2 ლიმონის წვენი, დღის განმავლობაში - ერთი ჭიქა თბილი ნარევი).