ადამიანის ორგანიზმი ძილში დამოუკიდებლად იწმინდება და განვლილი დღის განმავლობაში დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება. ამ პროცესს კანის სიჯანსაღისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტოქსინები და ორგანიზმის მიერ გადამუშავებული ნივთიერებები შეიძლება აკნესა და კანის სხვა დაავადებების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ნოყიერი საუზმის დროს ორგანიზმი იძულებული ხდება გამწმენდი პროცესი შეწყვიტოს და საჭმლის მონელების პროცესზე გადაერთოს. ამიტომ კარგი იქნება, თუ დილით ნოყიერი საუზმის ნაცვლად ხილს მიირთმევთ. მას ორგანიზმი სწრაფად და იმდენად იოლად ითვისებს, რომ კუჭ-ნაწლავის მუშაობას, პრაქტიკულად, არ საჭიროებს. ასე რომ, ხილის საუზმე რამდენიმე საათით ახანგრძლივებს ორგანიზმის გაწმენდისა და თვითაღმდგენ პროცესს. დალიეთ იოგურტი ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში იოგურტიც დაგეხმარებათ. ორგანიზმის მიერ იოგურტის ათვისების პროცესში გამოიყოფა კანისთვის სასარგებლო ნივთიერებები, ამასთან, ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ანადგურებენ აკნესა და კანის სხვა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს. გაითვალისწინეთ: შეიძინეთ მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული იოგურტი! სხვა შემთხვევაში ისინი თითქმის არ შეიცავენ სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებმაც ზემოაღნიშნული პროცესები უნდა აწარმოონ.