მომზადება: შევარჩიოთ ქორფა, მთელ-მთელი წიწაკა, გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყალში; ერთი-ორი წამოდუღების შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცივ წყალში 2 საათით. მერე წიწაკა მოვათავსოთ სუფთა ნაჭრის პარკში, დავდოთ სუფთა ფიცარზე, ზემოდან მეორე ფიცარი დავაფაროთ, დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ გაიწუროს მწვანე წვენისაგან და ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ 10-12 საათი. შემდეგ წიწაკა ამოვიღოთ პარკიდან და მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილაში.
მდუღარე წყალში ჩავდოთ ნიახურის ფოთლები თავის ძირიანად, გათუთქვისთანავე ამოვიღოთ და გადავიტანოთ საწურზე გასაციებლად. ნიახურის მდუღარე წყალს მივუმატოთ მარილი, ავადუღოთ და გავაცივოთ. აღნიშნული მარილწყალი ქილაში ჩაწყობილ წიწაკას დავასხათ, ზემოდან დავადოთ ნიახური და მერე - სუფთა, ბრტყელი ქვა. მოვუკრათ ქილას მაგრად თავი და მშრალ, გრილ ალაგას შევინახოთ.