დედა ხშირად გვიწვავდა ხორცს, მაგრამ ყველაზე გემრიელი მაშინ
გამოსდიოდა, როდესაც მაღაზიიდან ფილეს ამოტანას შეძლებდა. ხორცის ყიდვისას
ის ყოველთვის ორი გამოწვევის წინაშე იდგა: პირველი - არასოდეს იცოდა, ხორცი
ახალი იყო თუ არა; და მეორე - იმდენნაირი დასახელების საქონელი არსებობდა,
თვითონაც უჭირდა, გაერკვია, თავად რა სურდა. რაც მთავარია, ეს სახელები
ხშირად არც ემთხვეოდა იმას, რაც სინამდვილეში ეტიკეტის ქვეშ იყო
მოთავსებული. აი, მე კი უპირატესობას ყოველთვის სუკს ვანიჭებდი. მართლაც,
რა შეიძლება, იყოს ფილეზე გემრიელი? სქელი, ლამაზად
გამოყვანილი, მძაფრად არომატული ხორცის ნაჭერი საუკეთესოა შესაწვავად და
საერთოდ, ნებისმირი ფორმით მოსამზადებლად. პომიდვრის საწებელს კი, რომელსაც
ახლა სუკთან ერთად გამოვიყენებთ, ძირითადად, თევზთან ერთად მიირთმევენ.
მაგრამ ხორცსაც რომ უხდება, თავად დარწმუნდებით. ხორცსა და
საწებელს ერთდროულად, საერთო ქვაბში, ამზადებ. გასაღები ამ უცნაური
კომბინაციისა გავარვარებული რკინის ტაფაა. როდესაც ფილე შეიწვება, ყველა
ინგრედიენტს ერთად დაუმატებ – ნუშს, პომიდორს, ნიორს და სურვილის
შემთხვევაში, ბულგარულ წიწაკას. შემდეგ კი ამ ყველაფერს ლამის
დანახშირებამდე გააჩერებ ტაფაზე. ამასობაში, საწებლის დანარჩენ
ინგრედიენტს (ზეთი, ძმარი, მარილი, წიწაკა) ბლენდერში ათავსებ და კარგად
ურევ. შემადგენლობა: ნახევარი
კილო ფილე; მარილი და ახლადაფქული შავი წიწაკა; 1
ჭიქა წვრილი პომიდორი; 2 სუფრის კოვზი გარჩეული ნუში; 3
კბილი დანაყილი ნიორი; 1 ბულგარული წიწაკა, თესლგამოცლილი და
დაკეპილი (სურვილის შემთხვევაში); 2 სუფრის კოვზი წითელი
ღვინის ძმარი; 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი; მომზადების
წესები: ტემპერატურას აუწიეთ
500 გრადუსამდე და ზედ ტაფა შემოდგით. ხორცს ორივე მხრიდან კარგად წაუსვით
მარილი და წიწაკა. როდესაც ტაფა კარგად გაცხელდება, მის ერთ მხარეს ხორცი
მოათავსეთ, მეორე მხარეს – პომიდორი, ნუში, ნიორი და ბულგარული წიწაკა.
ხორცი 3-5 წუთით გააჩერეთ, პამიდორს კი ამ დროის განმავლობაში ერთი-ორჯერ
ამოურიეთ. როდესაც ცალი მხარე კარგად შეებრაწება და
გაყავისფრდება, ხორცი გადააბრუნეთ. პომიდვრის საწებელი კი, თუ ჩათვლით, რომ
უკვე მომზადდა, შეგიძლიათ, ტაფიდან გადმოიტანოთ. თუ ხორცის ნაჭრები ძალიან
სქელი არაა, 6 წუთში ისიც გადმოიტანეთ და 10 წუთით თეფშზე გააჩერეთ.
სანამ ხორცი თეფშზეა, ძმარი, ზეთი, მარილი და წიწაკა ბლენდერიდან
გადმოიტანეთ და პომიდროს დაუმატეთ. შეაზავეთ გემოვნებით. ნუშის გამო
საწებელი შეიძლება, ოდნავ ხრაშუნა გამოვიდეს. ხორცი წვრილ
ნაჭრებად დაჭერით და საწებელთან ერთად მიირთვით. მომზადების
ხანგრძლივობა: 25 წუთი; რაოდენობა:
6 ულუფა.
|