მასალა: 1 ცალი, ახალგაზრდა, არა უმეტეს 1 წლის ინდაური, ხარშვა დასჭირდება ძალიან დიდხანს და საბოლოოდ შეიძლება მაინც არ ივარგოს; ჯობს მომზადდეს ნახევარ–ნახევარი დედალ–მამალი ინდაურის საცივი; დედლის ხორცი ცხიმიანია და გემრიელი წვენი გამოდის, მაგრამ წვენში ჩასადები ხორცი ცოტა რჩება (ცხიმი დნება და ნახარშში გადადის); მამალს ცხიმი ნაკლები აქვს, ხორცი – მეტი; მაგრამ მამლის ნახარში ისეთი გემრიელი არ არის. ნიგოზი: 0,5 კგ ნიორი: 5 დიდი კბილი ხახვი (ქართული წითელი, მშრალი): 5 დიდი თავი ქინძი ნედლი: ბაზრის 2 პატარა კონა (მეტიც შეიძლება) ყვითელი ყვავილი დაფქვილი: 6 ჩაის კოვზი ქინძის თესლი ხმელი დაფქვილი: 3 ჩაის კოვზი უცხო სუნელი: 3 ჩაის კოვზი მიხაკი დაფქვილი: დანის წვერზე წითელი მწარე წიწაკა დაფქვილი: 2 ჩაის კოვზი დაახლოებით (გემოვნებაზეა დამოკიდებული და წიწაკის სიმწარეზე. გასინჯეთ წინასწარ) ძმარი ღვინის: გემოვნებით მარილი: გემოვნებით მომზადება: 1. ინდაურის მომზადება: ინდაური კარგად გასუფთავდეს, გაირეცხოს; მოეჭრას კისერი და კანჭები; ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა; დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს; იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ; პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით; პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!); როცა მოიხარშება, გადმოვდგათ; ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან; წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც); დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში; ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს! გამოიღოს, გაგრილდეს; დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად. 2. ნიგვზანი მასის მომზადება: ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ; მოთავსდეს ემალირებულ ჯამში; დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი; კარგად აირიოს; ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!) მასა კარგად აიზილოს ხელით; დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს) ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში; დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას; კარგად აირიოს სუფრის კოვზით. 3. ხახვის მომზადება: ხახვი დაიჭრას ძალიან წვრილად; იშუშოს ინდაურის ბულიონზე მოხდილ ცხიმში; კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს, ოდნავ შევარდისფრდეს; გადმოიღეთ ემალირებულ ქვაბში; დაესხას 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეივსოს ანადუღარი წყლით); 4. საცივის წვენის მომზადება: ნიგვზიან მასას დაესხას ცოტ–ცოტა ხახვიანი ბულიონი და აიზილოს კოვზით სანამ ერთგვაროვანი თხელი ფაფის კონსისტენციის არ გახდება; ჩაისხას ეს ფაფისებრი მასა დანარჩენ ბულიონში; კარგად აირიოს; დაიდგას საშუალო ცეცხლზე; მუდმივი მორევით მივიდეს ადუღებამდე; ჩალაგდეს დაჭრილი ხორცი; ცეცხლს დაეწიოს, იდუღოს 10–15 წუთი; გადმოიდგას, 3–5 წუთი შეგრილდეს; დაემატოს ძმარი თითო სადილის კოვზი გემოვნებით თანდათანობით; დაემატოს მარილი, თუ აკლია; დაესხას გამოწურული ზეთი; გაცივდეს.
|