მომზადება:
ქათამი ასო-ასო ავქნათ, მარილი შევაზილოთ და ტაფაზე 100 გრამ ცხიმში
(ერბოში ან კარაქში) შევბრაწოთ. შებრაწული ნაჭრები ცალკე გადავაწყოთ.
დარჩენილ ცხიმში მოვწალოთ („მოწალვას" დასავლეთ საქართველოში მოთუთქვას
ეძახიან) 500 გრამი რგოლებად დაჭრილი სტაფილო. მოწალულ სტაფილოს დავუმატოთ
ერთი-ორი სუფრის კოვზი წინასწარ შეწითლებამდე მოხალული ფქვილი და შავი
პილპილი, დავასხათ ცხელი ბულიონი ან წყალი ისე, რომ დაფაროს და
წამოვადუღოთ. ჩავაწყოთ შიგ ქათმის ნაჭრები და 5–10 წუთს კიდევ ვადუღოთ.
შემდეგ გამოვრთოთ და სუფრაზე მიტანის წინ 5-7 ღერი წვრილად დაჭრილი
ოხრახუში მოვაყაროთ – ძალიან გაალამაზებს!
რჩევა # 1
ქათამი, რა თქმა უნდა, ახალდაკლული აჯობებს, მაგრამ თუ არა გაქვთ, რას
იზამ, გაყინულიც გამოდგება.
რჩევა # 2
ქათამი (და გოჭიც) არამც და არამც არ დაჭრათ სეკატორით ან მაკრატლით, თორემ
გააფუჭებთ, ხორცი კი ცოდოა. ყოველი ნაჭერი სახსარზე გადაჭერით – არ არის
ძნელი. დანა სად დაუსვათ, სახსრის ყვითელი ზოლი და თვითონ ნაჭრის მოძრაობა
მიგახვედრებთ.
|