მასალა:
- 15-20 გრ. ჟელატინი,
- 0,5 ლ. არაჟანი,
- 1 ჭიქა შაქარი,
- 2 ს.კ. ვანილის შაქარი,
- ფორთოხლისა და კივის სიროფი – თითო 2-3 ს.კ. (გემოვნებით).
მომზადება: ჟელატინი დავალბოთ 1,5 ჭ. ცივ წყალში, დავტოვოთ 1- 2 საათი გასაღვივებლად. გაღვივებული ჟელატინი დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე (ჟელატინი მთლიანად უნდა გაიხსნას), გავყოთ 3 ნაწილად. ერთი ნაწილი ჩავასხათ ჯამში და შევინახოთ, დარჩენილი 2 ნაწილი გადავასხათ სხვადასხვა ჯამში, ორივეს დავუმატოთ 0,5 ჭ. წყალი ერთს დავუმატოთ ფორთოხლის სიროფი, ხოლო მეორეს – კივის, ოდნავ დავატკბოთ შაქრის პუდრით. ნარინჯისფერი ჟელატინი დავასხათ ბრტყელ თეფშზე, ასეთივე მეორე თეფშზე დავასხათ მწვანე ფერის ჟელატინი. ორივე 15-20 წუთით დავდგათ გრილ ადგილას შესასქელებლად. ცხელ წყალში დასველებული დანით გავჭრათ შესქელებული ჟელე რომბებად ან სხვა ნებისმიერი სახის ფიგურებად. არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად, დავამატოთ დარჩენილი ჟელატინის ხსნარი და კარგად ავურიოთ. არაჟნის მასას დავუმატოთ ფერადი რომბები, ავურიოთ, ისე რომ ფერადი ფიგურები თანაბრად გადანაწილდნენ. მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ არაჟნის მასა და შევდგათ მაცივარში შესასქელებლად. მივირთვათ კოვზით.
|