მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » ვირისტერფა - Tussilago farfara - Мать и мачеха
11:26 PM
ვირისტერფა - Tussilago farfara - Мать и мачеха
 ვირისტერფა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით. ყვავილიანი ღერო, სიმაღლით 10-24 სმ, დაფარულია ქერცლის მაგვარი კვერცხისებურ-ლანცეტისებური, ღეროზე მიკრული მოწითალო ფურცლებით. მოყვითალო-ოქროსფერი ყვავილედი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ გარშემო თოვლია, პირველი გამოჩნდება ხოლმე ხევების, ხრამების ნაპირებზე, ქანობების, გორაკების სამხრეთ ფერდობებზე. ვირისტერფა ყვავილობს ფოთლების გამოსვლამდე. ყვავილები განლაგებულია ბრტყელ ყვავილსაჯდომზე და გარშემორტყმულია ორრიგად განლაგებული ფოთლის მაგვარი საბურველით. საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება და დაბლა იხრება. ფოთლები დაყვავილების შემდეგ გამოდის, გრძელყუნწიანია, მორგვალო, გულისებრი, დიამეტრით 10-24 სმ, კიდეები უთანაბროდ აქვს დაკბილული, ზემოდან პრიალაა, მუქი მწვანე, ქვემოდან რბილია, ქეჩისებრი თეთრი ბუსუსებით შებუსვილი. თესლი 3,5-4,0 მმ სიგრძისაა. ყვავილობს მარტ-აპრილში, თესლი მწიფდება აპრილ-მაისში.
ვირისტერფა გავრცელებულია მთელ საქართველოში როგორც ბარში, ასევე მაღალ მთაშიც, ტყის პირებზე, ნაყარზე, გზის ფერდობებზე, მდინარეების, ნაკადულების და არხის პირებზე, ხრამებში, საერთოდ, ნესტიან, თიხნარ ადგილებში.
ნედლეულად იყენებ ვირისტერფას ყვავილებსა და ფოთლებს. ყვავილებს ჭრიან ძირში ყვავილობის პერიოდში და სწრაფად აშრობენ, ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში. მისი ფოთლები არ უნდა შეგვეშალოს ბუერისა და ოროვანდის ფოთლებში. შეგროვების დროს ვირისტერფას ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული. მოჭრილ ან მოწყვეტილ ფოთოლს უტოვებენ ყუნწის ნახევარს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში, შიფერის ან თუნუქის სახურავის ქვეშ.
კალათა ყვავილედში აღმოჩენილია ფარადიოლი, ტარაქსანტინი, სტიგმასტერინი, ფიტოსტერინი, სათრიმლავი ნივთიერებები. ფოთლები შეიცავენ ლორწოს, მწარე გლიკოზიდებს, სიტოსტერინს, ვაშლის, ღვინის და სხვა ორგანულ მჟავებს, საპონინებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, ინულინს და დეკსტრინს.
ხალხურ მედიცინაში ვირისტერფა გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება. ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაცივების, აგრეთვე ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს. ვირისტერფა გამოიყენება როგორც ნახარშებისა და ნაყენების სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ნაკრებში. ქერტლისა და თმის ცვენის დროს იყენებენ ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარშს.
ნედლი მცენარის ფოთლიდან გამონაწური წვენი ითვლება ჭრილობების მოსაშუშებელ საშუალებად. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ცხელი საფენების სახით ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე დასაფენად.
ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოების გაცივების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით.
4 ჩაის კოვზს დაფშვნილ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა (200 მლ) მდუღარე, დადგით 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში იყენებენ ვირისტერფას შემდეგნაირად მომზადებულ ნაყენს: 1 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს დაასხით 400 მლ მდუღარე და გააჩერეთ 1 სთ-ის განმავლობაში, მიღებული ნაყენი გაწურეთ, დალიეთ 1 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება.
ვირისტერფას და ჭინჭრის ნახარში, შერეული თანაბარი რაოდენობით გამოიყენება თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ.
ამ მცენარეს ქართლში ჯორისქუსლას უწოდებენ, ხევსურეთში - ცხენისტერფას, თუშეთში - დათვთბუერას, ხოლო აჭარაში გულბამბას. 
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 3455 | დაამატა: aks75 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]