მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ასკილი - Rosa canina - Шиповник
2:43 PM
ასკილი - Rosa canina - Шиповник
ასკილი ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1-3 მ, დატოტვილი ეკლიანი ღეროებით. ეკლები მაგარია, ნამგლისებური, მთავარ ღეროზე – იშვიათი, ყვავილოვან ღეროებზე კი – ხშირი. ყლორტები მწვანეა, ღეროები რუხი-მოწითალო ქერქით. კენტფრთართული ფოთლები 7-9 სმ სიგრძისაა, მწვანე, შიშველი, ზოგჯერ მთავარი ღერძის გასწვრივ მოკლე, იშვიათი ბეწვებით. ყვავილები მარტოულია, თეთრი, მქრალი-ვარდისფერი, ან ვარდისფერი, დიამეტრით 3-5 სმ. ნაყოფი კენკრისებურია, ცრუ, წვნიანი, სხვადასხვა ფორმისა, იშვიათად მრგვალი, უფრო ხშირად მოგრძო-ოვალური, გლუვი, ღია ან მუქი წითელი ფერის, ნაყოფის შიგა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუსუსებით, რომელთა შორის მოთავსებულია მრავალი მკვრივი ნაყოფი-კაკალი.
ასკილი ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
საქართველოში ასკილის მრავალი სახეობაა გავრცელებული, მათ ერთი და იმავე დანიშნულებით იყენებენ. ასკილი გავრცელებულია როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან ადგილებში, შეთხელებულ ტყეებში, ტყის, გზის პირებზე, ნაკადულების, მდინარეების ნაპირებზე.
ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.
ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვილი ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.
ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.
ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.
თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.
სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ. ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.
ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ გაწურეთ, დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.
ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, დადგით გასაცივებლად 2 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში, ჭამის წინ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.
ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში), ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად, გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ასკილის ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ნაკრებებში, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, სხვადასხვა სახის სისხლდენები.

წყარო: http://mkurnali.ge/
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2455 | დაამატა: aks75 | ტეგები: ასკილი - Rosa canina - Шиповник | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]