ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ. ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა იმ სამკურნალო მცენარეებს შორის, რომელთა დამზადება ხდება სამრეწველო წესით. მისი მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დასამზადებელ ნედლეულს, შედგება დედა-ფესვისაგან და ვერტიკალური ჰორიზონტალური ფესურებისაგან, რომლებიც ქმნიან მრავალფენიან გადახლართულ და ნიადაგში ჩამაგრებულ დამატებით ფესვთა ქსელს. ისინი თითქმის 8 მ-ის სიღრმეზეა ჩასული და აღწევს გრუნტის წყლებს. მიწისზედა ყლორტები ამოდიან არამარტო ძირითადი ფესვიდან, არამედ ჰორიზონტალური ფესურებიდანაც. ღეროები შიშველი ან მოკლედ შებუსულია, საზოგადოდ, იშვიათად მიმობნეული წერტილოვანი ჯირკვლებით ან ჯირკვლოვანი ხორკლებით. ფოთლები კენტფრისებრრთულია, სიგრძით 5-20 სმ, ჯირკვლების დიდი რაოდენობის გამო წებოვანი, პრიალა, მკვრივი, მოგრძო კვერცხისებრი ან ლანცეტა, 3-10 წყვილი ფოთოლაკით. ყვავილედი ფოთლის უბეში მოთავსებული მტევანია, სიგრძით 5-12 სმ, საყვავილე ყუნწი 3-7 სმ-ია. ყვავილების გვირგვინი მოთეთრო-იისფერია, ჯამი - მახვილკბილებიანია, სიგრძით 8-12 სმ. ნაყოფი მოგრძოა, სწორი ან ოდნავ მოღუნული 1-8 თესლიანი პარკია, სიგრძით 3,5 სმ-მდე. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში. საქართველოში ძირტკბილა იზრდება ტენიან ადგილებში, დამშრალი მდინარის კალაპოტებში, ასევე ნაკადულების, არხის პირებზე. ძირტკბილა სარეველაა და ხშირად გვხვდება ნათესებში, ნასვენ მიწებში, ნარგავებში, მთიან ადგილებში, ზღვის დონიდან თითქმის 2000 მ სიმაღლეზეც კი გვხვდება. როგორც აღვნიშნეთ, სამკურნალოდ გამოიყენება ძირტკბილას ფესვი და ფესურები. დამზადების დრო დამოკიდებულია გავრცელების ადგილსა და ამინდზე. ამის შესაბამისად დამზადება ხდება მარტიდან ნოემბრამდე. სამრეწველო დამზადების დროს იყენებენ მექანიზაციას, ხოლო საოჯახო პირობებში თხრიან ნიჩბებით. შეგროვილ ფესვებს აწყობენ ფაჩხატ თივის ზვინზე, მზეზე გასაშრობად. ფესვები ასევე შეიძლება გაშრეს ფარდულში, ორპირ ქარში, ხოლო საშრობებში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს. ფესვი გამომშრალად ითვლება თუ იგი გადაღუნვის დროს ტყდება. ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები. ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ძირითადად გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა, რადგან ფესვებში არსებული საპონინები არბილებენ და აადვილებენ ხველას. ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, როგორც შარდმდენი, სპაზმოლიტური საშუალება. ძირტკბილას ფესვებისაგან ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი. დაახურეთ თავსახური, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15-20 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გაწურეთ; მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ხმარობენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს. ძირტკბილას ფესვების გამონაწური ასე დაამზადეთ: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ (1/2 ლიტრი) წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ. გაცივების შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ღვინის ჭიქა ყოველი ჭამის წინ.