გვირილა: ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დროს უცვლელ საშუალებად მიიჩნევდა. გვირილას თანაბარი სიხშირით იყენებენ როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
ეს ძალიან მსუბუქი მცენარეული საშუალებაა, რომლის წინაშე უკან იხევს მრავალი სნეულება, მათ შორის - სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, დიათეზი, დერმატიტი, ეგზემა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოდან სისხლდენა. გვირილა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამკურნალო მცენარეთაგან, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს. გვირილის ნაყენი ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას, ხსნის სპაზმს, კუჭის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სწრაფ შეხორცებას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ხალხური მედიცინა გვირილას იყენებს ნაყენის, ნახარშის, ჩაის, აბაზანის, აპლიკაციის, საფენისა და სავლების სახით. თანამედროვე ექიმებიც ფართოდ იყენებენ გვირილის სამკურნალო თვისებებს, რეკლამას უწევენ მას როგორც სწრაფმოქმედ საშუალებას სურდოს დროს. კარაბადინებში იოლად იპოვით გვირილისგან დამზადებული საშუალებების რეცეპტებს.
გვირილა იმ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს. რეცეპტი საოცრად მარტივია: აიღეთ 100-100 გ კრაზანა, გვირილა, უკვდავა (ნეგო) და არყის ხის კვირტი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, კურნავს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას.
თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, აბების ჩაყლაპვას თუ მიქსტურების სმას ნუ იჩქარებთ, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.
დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს.
აიღეთ 6 წილი გვირილის ყვავილი, 4 წილი კატაბალახას ფესვი და 1 წილი ძირა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს მეტეორიზმის დროს.
ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი კრაზანა, მინდვრის შვიტა, გვირილა, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი, დააყენეთ, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირში დღეში 5-6-ჯერ.
როგორ მოვაგროვოთ გვირილა სამკურნალო გვირილა, ბაბუნა, ძლიერ დატოტვილი ერთწლოვანი ბალახია, სიმაღლით 35-40 სმ. აქვს ორმაგად ფრთისებრ გაკვეთილი მორიგეობითი ფოთლები, კალათა ყვავილედი. გრძელ ყუნწზე მოთავსებულია ერთი ყვავილი. ახასიათებს გვერდითი თეთრი ენისებრი და შიდა მილისებრი ყვავილები. მცენარის ყოველი ნაწილი სურნელოვანია, ყვავის მთელი ზაფხული, მასიურად კი ივნისში. ცალკეული ყვავილები გაშლილია სამი კვირის განმავლობაში. ხარობს ველებზე, ტყის მდელოებზე, ქმნის დიდ ნაზარდებს. გვირილის ყვავილები უნდა მოკრიფოთ უყუნწოდ, ისეთ დროს, როცა ჰორიზონტალურად არის გაშლილი. უფრო გვიან მოგროვებული ნედლეული უვარგისია. ყვავილები დაკრიფეთ ხელით ან სპეციალური სავარცხლით. შეაგროვეთ ტილოს პარკში. გააშრეთ ჰაერზე ან შენობაში, 40-45 გრადუს სითბოში. მშრალი ყვავილები შეინახეთ მუყაოს ან ხის კოლოფში. ვარგისია ორი წელი.