მონათესავე სახეობა– Allium victorialis L. – ღანძილი მთის.
ზოგადი აღწერა
Allium sativum L., ერთწლოვანი ბალახოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ამჟამად მიაკუთვნებენ ხახვისებრთა – Alliaceae ოჯახს. (ადრე მიაკუთვნებდნენ შროშანასებრთა – liliaceae-ს ოჯახს.)
ფოთლები ფესვთანურია, ხაზური, ბრტყელი .სიგრძეში 1 მეტრსაც აღწევს.
ნიორის ზოგიერთი ჯიში ივითარებს საყვავილე ღეროს, მაგრამ ნიორი თესლს არ იძლება. იგი მრავლდება მხოლოდ ბოლქვის კბილებით. საყავილე ღერო 1,5 მ სიმაღლისაა, ყვავილები ქოლგისებრია, მოთეთრო. ზოგჯერ ყვავილედში ვითარდება წვრილი, 1, 5 მმ ზომის ბოლქვები. ნაყოფი კოლოფია, თესლები მრავალი.
ბოლქვები კვერცხისებრი ფორმისაა. გარს მშრალი, თეთრი საბურველი აკრავს. შედგება 6-8 პატარა ბოლქვაკისაგან („კბილებისაგან"), რომლებსაც სიფრიფანა გარსი აქვს. ბოლქვი შედგება 2-50-მდე კბილებისაგან, რომელთა რაოდენობა იცვლება ჯიშისა და მოშენების პირობების მიხედვით. კბილები დაფარულია სადაფისებრი ქერქით. ახასიათებს მკვეთრი სპეციფიკური გემო, აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
ბოლქვის კბილებს თესავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.
მცენარე ყვავილობს ივლის–აგვისტოში.
ჯიშები
საქართველოში გავრცელებული ჯიშებია ,,გორული” და ,,იმერული”.
გავრცელება
ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში და კავკასიაში. კულტივირებულია პრაქტიკულად ყველგან
მედიცინაში გამოყენება
ნიორს ახასიათებს ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული აქტივობა. ნედლეულის ბოლქვიდან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების (მეტეორიზმი, ატონია), ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს. იგი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების გაჩენას, აწესრიგებს იმუნურ სისტემას. არის ანტითრომბული, ანტიბლასტური, ჰიპოგლიკემიური, ჰიპოლიპიდური საშუალება და სხვ.
წყარო: http://medgeo.net